საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე რუსეთს პარაოლიმპიური კომიტეტის წევრობა შეუჩერა.
რუსეთის გარიცხვას მხარი 64-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 39 წავიდა, ხოლო 16-მა დელეგატმა თავი შეიკავა.
ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის წესდების შესაბამისად „თავის ვალდებულებებს“ ვერ ასრულებს.
რუსეთს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ კომიტეტის გენერალურ ასამბლეას შეუძლია წევრობის შეჩერება 2023 წლის ბოლოს გააუქმოს.
მარტში, უკრაინის ომის გამო, საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა, რუს და ბელორუს სპორტსმენებს პეკინში, 2022 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა მთელს მსოფლიოში სპორტულ ორგანიზაციებს, რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსში, ღონისძიებების ჩატარებაზე უარი თქვან. სპორტული ფედერაციებისა და ასოციაციების უმეტესობამ ეს რეკომენდაციები შეასრულა.