27 სექტემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება ისევ განახლდა. საბრძოლო შეტაკებები ორმხრივი მსხვერპლის ფონზე მიმდინარეობს.
რა პროცესები მიმდინარეობს, მოსალოდნელია თუ არა გამწვავება და როგორია საქართველოს, რუსეთისა და თურქეთის როლი, „ევროპათაიმი“, რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურა ბატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განხლებულ შეტაკებებს და რითი განსხვავდება წინა და ამჟამინდელ მდგომარეობა ერთმანეთისგან?
- უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაზე ძლიერი შეტანკებები, რაც კი ბოლო 27 წლის მანძილზე ყოფილა. ამაზე მსხვერპლი და დაჭრილთა რაოდენობაც მიუთითებს. განსხვავება ტექნიკური თვალსაზრისით არის ის, რომ ინტენსიურად გამოიყენება ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, როგორიცაა, დრონები და მფრინავი აპარატებით, რომლის საშუალებითაც არა მხოლოდ დაზვერვა ხდება, არამედ თავად ამ აპარატებსაც მიაქვს შეტევა. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა.
სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, კი დიდი განსხვავება არ ჩანს, რადგან თუ დავაკვირდებით პირველი და მეორე დღის აზერბაიჯანული მხარის შეტევებს, მესამე და მეოთხე დღეს დავინახეთ, რომ უფრო გაჩერებულია და მხარეები საარტელერიო და დრონების საშუალებით ამუშავებენ ერთმანეთს.
რუსეთი ერთგარი შუამავლის როლს ირგებს და თითქოს არ ერევა, ეს ჩანს, მაგრამ განსხვავებით წინა შეტაკებებისგან, ვხედავთ თურქეთის აქტიურ ჩართულობას.
- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიიდან, სადაც საკუთარი დროშა უკვე აღმართეს, გასვლას არ აპირებენ, რამდენად შესაძლებელია მდგომარეობა უფრო გამწვავდეს?
- გამწვავება ყოველთვის შესაძლებელია. ორივე მხარეს აქვს რეზერვი. ჯერ არ გამოუყენებიათ შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტები და იმედია აქამდე არც მივა საქმე. ასეთი ალბათობაც შესაძლებელია არსებობდეს, თუმცა ჯერ ორივე მხარე თავს იკავებს. ორივემ იცის რომ გამოყენების შემთხვევაში, იგივე იარაღს მეორე მხარეც გამოიყენებს.
- რამდენად საფრთხის შემცველია არსებული მდგომარეობა საქართველოსთვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია?
- საქართველოსთვის რამდენიმე სახის საფრთხე არსებობს, ერთი ეს არის პოლიტიკური, რადგან ყოველთვის ვერ შეძლებ ასეთ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის ბოლომდე შენარჩუნებას, გაჭირდება ძალიან ყოველშემთხვევაში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ ორივე მხარის მცდელობებს, თავის მხარეს გადაიყვანონ და მოკავშირედ გაიხადონ.
მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ არსებობს სამხედრო საფრთხე, რომ რუსეთმა სომხეთის დახმარების საბაბით, მოითხოვოს სახმელეთო კორიდორის გაჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთის.
ამავე დროს ჩვენ ვხედვათ, რომ არსებობს ეკონომიკური საფრთხეები. კონკრეტულად ორივე ქვეყანა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია. თუ კონფლიქტი დროში გაიწელა და ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ, აისახება საქართველოზეც, ისევე როგორც საზღვრების გახსნის შემდეგ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ ტურისტების გამოგზავნას. მათ თუ პრობლემები შეექმნებათ, შემცირდება ინვესტიციები, რისი რესურსიც მათ არ ექნებათ.
ასევე აქვს ჰუმანიტარული განზომილება, თუ ტოლვილთა ნაკადები გაჩნდა, ამ მიმართულებითაც მოგვიწევს მუშაობა.
- როგორ შეაფასებთ პრემიერ მინისტრის მხრიდან მხარეებისთვის მოლაპარაკების ადგილად თბილისის შეთავაზებას?
- შეთავაზება სწორია, უბრალოდ ეს არის უფრო კეთილი სურვილები, ვიდრე რეალობა. არ მგონია მხარეები ამას დათანხმდნენ. საქართველოს არც ამის გამოცდილება აქვს და არც რესურსი. არ ვამბობ რომ ეს კარგია, მაგრამ ფაქტია. ამის რესურსი აქვს რუსეთს, რუსეთი არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ ორ ქვეყანას შეუძლია დაჯდეს და ილაპარაკოს. როდესღაც მხარეები დათანხმდებიან მოლაპარაკებას, უბრალოდ, ჯერჯერობით აცხადებენ, რომ არ არიან მზად. ჯერ უნდა მოხდეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და დანარჩენი შემდგომში იქნება.
- რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ტრადიციულად მოირგოს მაშველის როლი, როგორც ეს 2008 წელს მოხდა და ამ შემთხვევაშიც ჩაერთოს?
- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ის რომ ახლა შედარებით არ ერევა არ ნიშნავს, რომ მართლა ნეიტრალურის პოზიცია აქვს. რეალურად აწყობს ეს დაპირისპირება, რათა ორივე მხარე დასუსტდეს და მერე მოირგოს შემრიგებლის როლი, რითაც საკუთარ პოზიციებს გააძლიერებს როგორც ამ ქვეყნებში, ისე მთლიანად კავკასიაში.
- როგორია თურქეთის როლი და მოსალოდნელია თუ არა, რუსეთ-თურქეთის ინტერესები გადაიკვეთოს?
- ტრადიციულად თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანს უჭერდა მხარს, დღესაც და მომავალშიც ასე გააკეთებს. ერთი ერია და კულტურულ-ისტორიული კავშირები გააჩნიათ. ვხედავთ, რომ თურქეთი უფრო აქტიურია საგარეო პოლიტიკაში, მას აქვს ამბიცია რომ არის რეგიონული ლიდერი და შესაბამისად, იქცევა. ამ ლიდერობის სურვილში დაპირისპირებულია რუსეთთთან, რაც ვნახეთ ლიბიაში, სირიაში, ახლა ხდება ყარაბაღში. ეს მომავალშიც გაგრძლებდება და მითია ის, რომ რუსე- თურქეთი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. რეალურად ისინი ზოგჯერ ხდებიან ტაქტიკური მოკავშირეები და არა სტრატეგიული, რადგან გრძელვადიანად მათ სრულად განსხვავებული ინტერესები და პოლიტიკა აქვთ. ამ საუკუნეში გაშლილი დროშებით ომი ნაკლებად მოსალოდნელია. ისინი ადგილზე საკუთარი მოკავშირეების საშუალებით ებრძვიან ერთმანეთს. პირდაპირ ძნელად წარმოსადგენია და ეს კატასტროფა იქნებოდა. პირდაპირი ომის სიმძიმე ორივე მხარეს ესმის და ამიტომ მიმდინარეობს მოკავშირეების საშუალებით.
- რეგიონში სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ალბათ საქართველოსაც მოუწევს ლტოლვილთა ნაკადის მიღება. როგორია რისკები და საფრთხეები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის...
- ეს არ არის ხელწამოსაკრავი თემა, ყველას გვაწუხებს, იმიტომ რომ გარდა პანდემიისა, საქართველოს ეკონომიკური საშალებები არ აქვს ათიათასობით ლტოლვილის მისაღებად.
სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"