აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, ღრმად შემაფშოთებელია, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს და ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ამ პროგრესზე დაყრდნობით ჩვენ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ის, რასაც ახლა ვხედავთ ძლიერ გვაშფოთებს, რადგან ვხედავთ დემოკრატიულ უკუსვლას საქართველოში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარე დონფრიდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა სენატორ ბენ კარდინის კითხვას, ვხედავთ თუ არა პროგრესს ახლა საქართველოში. კარენ დონფრიდმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, იმ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რედ.) მოლოდინში იყო.

„მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში.

მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რადგან საქართველო, როგორც იცით, იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს... ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე.

ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესის ნაკლებობა არსებობს. თქვენ საუბრობდით ჩვენი ელჩის მიმართ არსებულ კრიტიკაზე.

საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.