უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა უკრაინის გაზის წარმოების რამდენიმე ობიექტი დააზიანა ან გაანადგურა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
„ნაფტოგაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „მასიური თავდასხმა“ აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებლის „უკრგაზვიდობუვანიას“ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას და აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი უტევს ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს.