საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან, რადგან მმართველმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა არ დაკარგოს.
ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ.
მეორე - ჩვენი პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების - სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მითუმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს.
ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.