იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე.
„წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება და თუ გადავხედავთ ჯანმო-ს გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის მონაცემები, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
44-ე კვირას თუ სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, 45-ე კვირას უკვე ათი შემთხვევაა და სავარაუდოდ, მატების ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც.
მოლოდინია, რომ ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ თვალსაზრისით დეკემბერ-იანვარია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.