სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალურ განმარტებებს, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
"2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი). კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია, ქართველი სამხედრო ტყვეების წამებაზე", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.