სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ევროკავშირის და ევროსაბჭოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ, 22 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება და შემდგომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კომისიის სხდომას დაესწრება.

დღეს ზურაბიშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საგარეო ურთიერთობების სფეროში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდა.

ბრიუსელში ვიზიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო, რომელთანაც ზურაბიშვილმა შემდეგი საკითხები განიხილა: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა,ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯები.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით, საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზეც საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს.

„მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება და ამ საკითხს კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე განვიხილავთ“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

მომდევნო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან გამართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სჭირდება სრულად ქმედითუნარიანი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელსაც მოსახლეობის ნდობა ექნება. საუბარი იყო COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების გადალახვისთვის აუცილებელ ინკლუზიურ, მწვანე და მდგრად აღდგენით პროცესზე. ასევე, ევროკავშირის აზრით, საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმების უფრო ფართო დღის წესრიგი, მათ შორის სასამართლო სისტემაში.​

ბორელმა ისაუბრა ქართველი ხალხის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობაზე, რაც გამოიხატა 183 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს გაუწევს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობისთვის, ჯანდაცვის სიტემის გაძლიერებისა და სოციო-ეკონომიკური აღდგენისთვის.

ევროკავშირმა ასევე 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-საფინანსო დახმარება იკისრა, რის ნახევარიც უკვე გადახდილია.

ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა ევროკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულება, უზრუნველყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება, კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზით, შეიძლება გამოიყენოს ვაქცინაციის კამპანიის სათანადოდ მოსამზადებლად.

ბორელმა და ზურაბიშვილმა ასევე იმსჯელეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც ევროკავშირის პრესრელიზშია ნათქვამი, კვლავაც დიდ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ვინაიდან ხალხს არ მოეპოვება თავისუფალი გადაადგილების უფლება და სათანადო ჯანდაცვაზე წვდომა.

ევროკავშირის ლიდერმა კვლავ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომხრეა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების საკითხსაც. ბორელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის განუხრელ წვლილს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში.