აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend.
„რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია.
დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი.
მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში.
დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.