დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მოწინავე რაკეტები გაუგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელები გაუგზავნა. Daily Telegraph-ის ცნობით, ერთი რაკეტა Brimstone 2, რომელიც დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს, სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

ეს იარაღი მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით, თავად არჩევს სამიზნეს ისე, რომ სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს არ ეხება.

გაერთიანებულმა სამეფომ რაკეტა Brimstone-ის პირველი თაობის მოდელები უკრაინას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაუგზავნა.

გასულ კვირას, კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ უკრაინა კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას მიიღებს.