არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
„პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც ბრალი მიუძღვის და ჩადენილი აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში, ხარ პოლიტიკოსი, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს. ძალიან სამწუხაროა ის წლები, რა ხდებოდა ქვეყანაში თავისუფლების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მე მგონია, რომ ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.