სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში

შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამ მიზნით, აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას.

„შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას და მის მცდელობებს, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელ მსოფლიოში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყანაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჭერს მხარს უამრავ პროგრამას, რომლებიც ორიენტირებულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მდგრადობის გაზრდაზე. მათ შორის ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის, ფაქტების შემოწმების, მედიაწიგნიერებისა და ციფრული სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით.

გარდა ამისა, დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე ჩატარებულმა ანალიზმა და კვლევამ საჯაროდ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ამხილა უცხოური დეზინფორმაციის ინსტრუმენტები და მათ მიერ ნაცადი ტექნიკა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ეწინააღმდეგება რუსული დეზინფორმაციის საფრთხეს უფრო ფართოდ, საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაგებით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, რუსეთის პროპაგანდისტული ეკოსისტემის და დეზინფორმაციის გამოყენების გამოვლენით ჩვენს მოკავშირეებში“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს.