ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა - საია

ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა.

კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი.

„2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება.

საიას ცნობით, საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა.

ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა.

მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების მართვის და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.