სამების საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.
წირვა-ლოცვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აღავლენს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანებზე დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ, კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.