ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციის პროექტებისა და სომხეთის დასახმარებელი ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 

სამიტზე გამოსვლისას, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს პოლიტიკური შეფასება მისცეს. 

ფაშინიანის თქმით, მოკავშირეებმა უნდა აიძულონ აზერბაიჯანი, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან. საპირისპირო მოქმედება „შეიძლება ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“.

შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი.