ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას

ძალიან მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და ამის შემდეგ ვენეციის კომისია შეძლებს რეკომენდაციების გაცემას და მოხდეს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება.

ეს ასევე აღნიშნა ევროკომისარმა ვარჰეიმ, როდესაც ის გასულ კვირაში აქ იმყოფებოდა. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ გააგრძელებს, როდესაც საქმე ეხება დეოლიგარქიზაციას. ეს ეხება ჩარჩოს, სისტემის შექმნას, სადაც არ არის გარკვეული პირების მიერ პოლიტიკის მიმართ შეუსაბამო ინტერესები და ზეგავლენა. ქართველებმა გადაწყვიტეს, ეს განახორციელონ კანონის მიღების საშუალებით. იმედი გვაქვს, ეს კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება“, - განაცხადა ელჩმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.