ვისურვებდი, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა იყოს კონსტრუქციული - ჰერჩინსკი

დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ახლახან გვქონდა ევროკომისარ ვარჰეის ვიზიტი, რომელიც სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. მისგან მოვისმინეთ გარკვეული შეფასება მიმდინარე პროცესზე, რომელიც 12 რეკომენდაციის განხორციელებას ეხება.

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. დრო ჯერ კიდევ არის, რადგან კალენდრის მიხედვით, რეკომენდაციების იმპლემენტაციას მომავალი წლის გაზაფხულზე შევაფასებთ. ევროკომისიის ფორმალური მოსაზრების წარდგენა ოქტომბერშია მოსალოდნელი და ამის შემდეგ, ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი იყოს ძალიან ინკლუზიური და კონსტრუქციული, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობითაც“, – განაცხადა ჰერჩინკსიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.