ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გაგვაჩნია, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკა ბესელიას პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ამ 12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია და მთავარია იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბჭოთა სისტემიდან გამოვიდეთ. სხვა გზა არ არსებობს, აქედან გამომდინარეობს შემდეგი ყველა დანარჩენი. ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის, ან არ აუცილებლობის დადგენა (სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა იმ დროს, როცა ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება), კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დადგენა, ანუ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ზოგადად ვეძახით დემოკრატიას - ყველაფერი გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არაა დაცული.
მართლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმება არის საშუალება იმის, რომ ჩვენ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით როგორ უნდა შესრულდეს - ეს არის დეპოლარიზაცია. არამხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არამედ არავინ იცის, ევროპის გზამკვლევში და მოთხოვნებშიც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ნათელია, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, იმაზე თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. კონსენსუსის მიღწევაა მთავარი, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ვერაფერზე შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ყველა პარტია შეძლებს, რომ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე დააყენოს. ძალიან ხშირად ჩვენ ახლო ისტორიაში სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს და ეს არის ის მოთხოვნა არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ჩაწერა, რომელიმე რეკომენდაციაში ან ვიღაცამ ამ კუთხით მოგვმართა. ეს ჩვენი გასაკეთებელია. თუ არ არის მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება.
დღეს შეიძლება სხვა ქვეყნებში არის პოლარიზაცია და ვუყურებთ ძლიერ და ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს და იქაც იგივე პროცედურები მიმდინარებს, მაგრამ ის ქვეყნები არიან იმ ხაზის იქით, უკვე იმ დემოკრატიულ სამყაროში არიან და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი და ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. ეს რომ არის, უკვე ჯებირებია შექმნილი, რაც იცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის სხვა რამეში არ გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც პრინციპები, მათ შორის მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის. ის ქართული ტრადიციებიდან ოდითგანვე მოდის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.