რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართეს შეხვედრა - Reuters

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები გასულ კვირას შეხვდნენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რათა განეხილათ სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამმა წყარომ განაცხადა. სანაცვლოდ, საუბარია უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენაზე.

წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ყურის არაბული სახელმწიფოს შუამავლობით მიმდინარეობდა და არ მოიცავდა გაეროს, მიუხედავად გაეროს ცენტრალური როლისა მოლაპარაკებაში.

არცერთი მხარე არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს ამასთან დაკავშირებით.

უკრაინის ელჩმა თურქეთში კი, ვასილ ბოდნარმა Reuters-ს განუცხადა, რომ „სამხედრო ტყვეების გათავისუფლება რუსული ამიაკის ექსპორტის გახსნის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ამის გაკეთების გზებს ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნავს ელჩი.

მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, შედგა თუ არა შეხვედრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

პუტინმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები იმუშავებენ ევროპის პორტებში ჩარჩენილი რუსული სასუქების განბლოკვაზე და ამიაკის ექსპორტის განახლებაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტის აღდგენის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას სამხედრო ტყვეებს დაუბრუნებს.

გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი არ დათანხმდება რაიმე შეთანხმებას, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს.