წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის პროგრერის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა.
„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. კომისიის დასკვნის მიხედვით, საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მისცა.
კომისიის მოსაზრების შემდეგ, საბჭო ასევე გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები შესრულდება. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ქვეყანა მის ევროპულ გზაზე წინ წავიდეს.
სამუშაოს სია მკაფიოა და ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს (როგორც ყოველთვის) ამ პროცესში. მოსაზრებების დასასრულებლად, წლის ბოლომდე გამოქვეყნდება ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის კანონთა კრებულთან მიმართებით, სამი ქვეყნის სიტუაციის შესახებ დეტალურ ანალიზს მოიცავს. 2023 წლიდან, გაფართოების ყოველწლიური პაკეტი სამ ქვეყანას შეეხება, ის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე ანგარიშს მოიცავს.
ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, როგორც ამას აკეთებდა დამოუკიდებლობის შემდგომი წლების განმავლობაში. ჩვენ, როგორც მეგობრები და პარტნიორები, საქართველოს დემოკრატიასა და ეკონომიკაში ინვესტიციებს მუდმივად ვახორციელებთ“, - განუცხადა Europetime-ს ევროკავშირის სპიკერმა.
ჩვენი ლიდერები მომავალი წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭოში იმსჯელებენ საქართველოსა და გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების პროგრესზე. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მხარემ საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა საკმაოდ ამბიციური ვადები და მუშაობა ახლაც მიმდინარეობს 12 პრიორიტეტებზე საპარლამენტო კომიტეტებში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 24 ნოემბერს განაცხადა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.