რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი: საკვირველია, ამდენი ცრუ პროვოკატორი ერთად როგორ შეიკრიბა, განზე უნდა გავდგე

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს. 

ის ამბობს, რომ ოჯახს ურჩია, ტენდერი გამოაცხადონ, რათა „ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ოჯახმა შეიძინა-იქნება - ეს „რიყის დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“.

„რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში აცხადებდა, რომ „დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა“.