G7 ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ამ ფორმატის ისტორიაში პირველად შეიკრიბებიან შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლინება და პასუხისგებაში მიცემა იქნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომელიც ახლა G7-ს თავმჯდომარეობს.
შეხვედრა 28-29 ნოემბერს ბერლინში გაიმართება.
„ძირითადად ვისაუბრებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საშინელ სამხედრო დანაშაულებზე, რომლის გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა გვინდა. ამისათვის ჩვენ შევთანხმდებით კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციაზე", - განაცხადა მინისტრმა.
გერმანია ასევე ინიციატორია, რომ G7-ის შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც გაიმართოს, რათა უკრაინის დახმარების საკითხები განიხილონ, თუ როგორ უნდა მოხდეს, რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა.