ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საქართველომ გააუმჯობესა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული ზომები. ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ კარგი პროგრესი აჩვენა.
როგორც Europetime-სთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, FATF-ის (Financial Action Task Force - ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი) 29-ე რეკომენდაციის რეიტინგი, რომელიც ფინანსური დაზვერვის ერთეულს შეეხება, „ნაწილობრივ შესაბამისი“ (partially compliant) შეიცვალა რეიტინგით „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant).
„ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (საქართველოს ფინანსური დაზვერვის ერთეულის) უფლებამოსილების გაძლიერებით, გადასცეს ინფორმაცია და ანალიზის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს მათი მოთხოვნისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საქართველომ აღმოფხვრა ადრე გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზი. რჩება მხოლოდ მცირე ხარვეზები, რომელიც შეეხება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერატიული და სტრატეგიული ანალიზის ჩატარების მკაფიო მოთხოვნასა და ფულის გათეთრების განმარტების ფარგლებს“, - წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ისეთი საკანონმდებლო, მარეგულირებელ და ინსტიტუციური ღონისძიებები, როგორიცაა, ონლაინ კაზინოებისათვის ცენტრალური ელექტრონული ანგარიშგების შემოღება, კაზინოების ბენეფიციარი მფლობელებისთვის ნასამართლეობის არქონა, კაზინოებისათვის მოქმედი AML/CFT (ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის)მოთხოვნების დარღვევებისათვის სანქციების დაწესება, ასევე, საინვესტიციო ფონდების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება.
„თუმცა, ეს ზომები არ იყო საკმარისი 22-ე, 28-ე ან 35-ე რეკომენდაციების რეიტინგების გასაუმჯობესებლად, რადგან რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შეეხება განსაზღვრულ არასაფინანსო საქმიანობებსა და პროფესიებს (Designated non-financial businesses and professions) და სანქციების რეჟიმს.
საერთო ჯამში, საქართველომ მიაღწია სრულ შესაბამისობას (full compliance) FATF-ის 40 რეკომენდაციიდან, ექვს რეკომენდაციასთან რომლებიც AML/CFT საერთაშორისო სტანდარტებს წარმოადგენს და ინარჩუნებს მცირე ხარვეზებს 22 რეკომენდაციის განხორციელებაში, რომელიც მიესადაგება კატეგორიას - „ძირითადად შესაბამისი“ (largerly compliant).
თერთმეტი რეკომენდაცია რჩება „ნაწილობრივ შესაბამისობაში“ (partially compliant) და ერთი რეკომენდაცია არის რეიტინგით „შეუსაბამო“ (non-compliant). (რეკომენდაცია მოითხოვს, რომ ქვეყნებმა გადახედონ თავიანთ კანონებსა და რეგულაციებს არაკომერციული ორგანიზაციების ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით).
შესაბამისად, საქართველო AML/CFT ღონისძიებების იმპლემენტაციის გაძლიერების პროგრესის შესახებ ანგარიშს, MONEYVAL-ს ერთ წელიწადში წარუდგენს.
ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი - MONEYVAL ევროპის საბჭოს მუდმივი მონიტორინგის ორგანოს წარმოადგენს. ის უფლებამოსილია, შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობა, მათი განხორციელების ეფექტიანობა, ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდოს რეკომენდაციები ეროვნული სისტემების აუცილებელი გაუმჯობესების მიზნით.