იენს სტოლტენბერგი: განვიხილავთ უკრაინის, საქართველოსა და სხვა პარტნიორების გაძლიერების საკითხს

აქ, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება NATO-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 

„რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ის, რომელსაც საფრანგეთი აქ, რუმინეთში ხელმძღვანელობს.

კანადური მოიერიშე თვითმფრინავები აგრეთვე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები თქვენს თავდაცვას აძლიერებენ. ეს მკაფიო გზავნილია, რომ NATO აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.