NATO აქ არის, NATO ფხიზლად რჩება და მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიების თითოული სანტიმეტრი, შესაბამისი განცხადებით გახსნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართული ფორუმი.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვლადიმერ პუტინის დამარცხება და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გამარჯვება.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა.
სწორედ ამიტომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის შეხვედრაზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ხსენებული ქვეყნების მედეგობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენ ვიქნებით მეტად დაცულები“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
ამით მან შესაბამის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ: 2008 წელს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი?
„NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი.
როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო.
მან მიიღო NATO-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამრიგად, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ NATO-ს კარი ღიაა არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.