NATO-ს გენმდივნის მოადგილე: ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის

„ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის“, - ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მან ისაუბრა NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ქვეყნების სუვერენულ უფლებაზე აირჩიონ მათი მომავალი.

„ჩვენ უნდა განვუცხადოთ საქართველოს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ თუ ისინი მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ, მაშინ ისინი იქნებიან. ჩვენ მზად ვართ. ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის.

ჩვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მომავალი, ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით. უკრაინა ეკუთვნის დასავლეთს. რუსეთი დაშორდა ცივილიზებულ ევროპას. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.


ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ უკანონო ომს, კიევისა და სხვა პარტნიორებისათვის NATO-ს მხარდაჭერას, მედეგობის გაძლიერების გზებსა დ ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს.
 
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, სანამ საჭირო იქნება.
 
„ჩვენ უკან არ დავიხევთ. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესია. ვერ დამკვიდრდება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 
 
ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, რათა ერთად განიხილონ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები.
 
ბუქარესტში ასევე არიან საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ მათი ქვეყნების მზარდი თანამშრომლობა NATO-სთან ამ რთულ დროს.