საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პროექტი კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში.
„იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ და ვიმედოვნებ ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.
როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა.
„ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს იგი. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია რაც ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან", - აღნიშნა ლენა ოუენსმა.
პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში“ პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს.
სწავლების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან. ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი.
კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის.
კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ.