ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, თუ მესამე პრეზიდენტს საქართველოში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება უტარდება, რატომ სთავაზობს მას იუსტიციის სამინისტრო უცხოელი ექიმების ჩამოყვანას.

"რაც შეეხება თუ უტარდება ადეკვატური მკურნალობა, მაშინ ვერ გავიგე, რატო მთავაზობს იუსტიციის მინისტრი, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმებიო, ორივე ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციაა ერთ განცხადებაში.

თუ უტარდება კვალიფიცირებული დახმარება და კარგად აქვს ყველაფერი, მაშინ რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? თუ კარგი მკურნალობა უტარდება, რატომ მძიმდება მაშინ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად. 

უამრავი კითხვებია და ამაზე პასუხებს ვერ ვიღებ, პასუხი იქნება ცალსახა, პასუხი ეხება მხოლოდ სასმართლოს, სააკაშვილს სასჯელი გადაევადება თუ არა.  ამას წყვეტს სასამართლო", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.