აშშ-მ შესაძლოა, დაჯგუფება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს განიხილავს. 

ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ხაზგასმით აღნიშნავენ წყაროები, მაგრამ ეს საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა კერძო სამხედრო დაჯგუფებასა და მისი ცალკეული წევრების მიმართ და მთელ მსოფლიოში მათი აქტივები ჩამოართვას.

PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.