რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი გაზის კავშირის იდეას, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალური ვიზიტის დროს გააჟღერა, ასტანაში ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ყაზახეთი არ დაუშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად და გაზის გაერთიანების პროექტს, სანქციების რისკების გათვალისწინებით შეაფასებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტის მოადგილემ რომან ვასილენკომ.
„კავშირის იდეა იყო ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდების გაზრდა, ყოფილი სსრკ-ს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ტერიტორიის გავლით“, - განაცხადა სამშაბათს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.
ნოვაკის თქმით, რუსეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ალიანსში, ჩინეთისთვის გაზის მიწოდების თვალსაზრისით „დიდ შესაძლებლობებს" ხედავს.
„რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს რეალურად ჰქონდათ ერთიანი გაზის ტრანსპორტირების სისტემა საბჭოთა დროიდან. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები, გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაგრამ მედია წერს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ახლა ტოქსიკური რუსეთისგან, რომელმაც ომი წამოიწყო უკრაინაში და გახდა მსოფლიო რეკორდსმენი დაწესებული სანქციების რაოდენობით.
სექტემბერში ყაზახეთმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით და ამზადებს ალტერნატიულ გზას ურანის ექსპორტისთვის, რის წარმოებითაც ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
აგვისტოში, ყაზახეთის ხელისუფლების მიერ სანქციების დარღვევაზე უარის გამო, რუსული Sberbank-ი, რომლის შვილობილი კომპანია ყაზახეთში აქტივების მხრივ მეორეა, იძულებული გახდა, ადგილობრივი ბაზარი დაეტოვებინა.
ნოემბერში, KAZ Minerals-ის მფლობელმა გაყინა ინვესტიციები ჩუკოტკაში, ბაიმსკაიას მადნის ზონის განვითარების პროექტში, სადაც 2028 წლისთვის, მადნის მოპოვებისა და გადამამუშავებელი ქარხნის (GOK) აშენება იგეგმებოდა.