აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ და რაც შეიძლება იყოს მათთვის ყველაზე ეფექტური.
ზოგიერთი მათგანი ეხება საბჭოთა დროის სისტემებს, რომლებთანაც ისინი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მოითხოვოს ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო წარმოებული“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
26 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრები განიხილავენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ძველ ქარხნებში ინვესტიციის შესაძლებლობას, რათა იქ, საბჭოთა ტიპის უკრაინული საარტილერიო სისტემების ჭურვების წარმოება განაახლონ, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში უფრო მეტი საარტილერიო ჭურვებია გამოყენებული.
როგორც NATO-ს წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, ზაფხულში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ექვს-შვიდი ათას ჭურვს იყენებდნენ, რუსული არმია - 40-50 ათასს. შედარებისთვის, ავღანეთის ომის დროს აშშ და NATO-ს მოკავშირეები დღეში დაახლოებით 300 ჭურვს ისვროდნენ, ახლა კი აშშ თვეში 15 000 ჭურვს ისვრის.