აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას. ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩევლის, ელჩ ფილიპ რიკერის ვიდეოგზავნილს ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთდაკავშირებისთვის. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, მჭიდროდ ვმუშაობდი საქართველოს ლიდერებთან, რათა შუამავლის როლი შემესრულებინა, თქვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პრემიერმა ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა დაკავებულთა გათავისუფლების საკითხისა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით.
ოქტომბერში აშშ-ის დელეგაცის ვხელმძღვანელობდი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს. ამ ვიზიტის დროს მე განვიხილავ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მათ შორის, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ხელი შეუწყონ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას და ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, მის მიერ 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
აშშ კვლავ მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი მტკიცე ერთგულებას.
- ჩვენ ამაყად ვდგავართ საქართველოს გვერდით, რამდენადაც თქვენ ისწრაფვით NATO-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს, - აცხადებს ფილიპ რიკერი.
მან ქართველ ხალხს შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.