საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.