NYT: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის დაკავებას ცდილობს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის Madame Gu-ს დაკავების უფლება მიიღოს. 

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

99 მეტრიანი იახტა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატსა და მილიარდერ ანდრეი სკოჩთანაა კავშირში, აშშ-ის სანქციების სიაში ივნისში შევიდა.

თავად სკოჩი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან „რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან“ კავშირის გამო იმყოფება.

„შეერთებულ შტატებს არ შეუძლია სხვა ქონების კონფისკაცია, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროები მეგობრულად არიან განწყობილნი მოსკოვის მიმართ და უარს ამბობენ რუსი ოლიგარქების დევნაზე, ამიტომ დაახლოებით $156 მილიონად შეფასებული Madame Gu-ს დუბაიში საფრთხე არ ემუქრება. 

თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დუბაი, იმ რუსული იახტებისა და თვითმფრინავების თავშესაფარი გახდა, რომლებსაც სხვაგან თავისუფლად ცურვა და ფრენა არ შეუძლიათ“, - წერს გამოცემა. 

თავდაცვის მოწინავე კვლევების ცენტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული მინიმუმ 38 ბიზნესმენი ან ოფიციალური პირი ფლობს უძრავ ქონებას დუბაიში, რომლის ღირებულება $314 მილიონზე მეტია. ამ ადამიანებიდან ხუთი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.