უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ, - კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.
„როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა.
პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ. დღეს პოზიციის და შესაბამისი ნიმუშების აღების მიზნით მოვედით. შესაბამისი ნიმუშის აღების მერე უნდა გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.