ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება

ინდონეზიის პარლამენტი ახალი სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას გეგმავს. 

ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ პროექტში ჩაიწერა მუხლი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

ძველი სისხლის სამართლის კოდექსიდან ახალზე გარდამავალი პერიოდი სამი წელი გაგრძელდება. ინდონეზიის პარლამენტი ახალ პროექტს სავარაუდოდ 15 დეკემბერს განიხილავს.

„ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი იმ პირთან, რომელიც არ არის მისი ქმარი ან ცოლი, ისჯება მრუშობისთვის მაქსიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით“, - წერია ინდონეზიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის 413-ე მუხლის 1-ელ პუნქტში.

ამასთან, პირი, რომელიც თანაცხოვრობს თავის პარტნიორთან ქორწინების გარეშე, თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ექვსი თვით ემუქრება.

„ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტს მხარს უჭერენ ისლამური ჯგუფები“, - წერს მედია.