ჩეხეთის ელჩმა იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებში ჩეხეთი-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს ეხებოდა.
„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი, კონტექსტის გარეშე გავრცელებული, არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას უკავშირდება, რადგანაც იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით. ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და ეს თემა არ იმსახურებს შემდგომ განხილვას”, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“. ამავე ცნობით, ელჩი დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.