ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.