ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმის იუსტიციის სახლშიც უმასპინძლა. ფიქრათ მამადოვი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და მობილურ იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ბათუმში წელს პირველად ტარდება საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. მისი მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. საქართველო და აზერბაიჯანი ღონისძიებას მორიგეობით უმასპინძლებენ.