ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ.

როგორც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების შემოტანას ცდილობენ.

"მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, თავად გამოიქცნენ, ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.