რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. შესაბამისი განცხადება ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია.
„რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.
რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.