უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება - ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.