საქართველოში უკრაინის საელჩოს ცნობით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან ანდრეი კასიანოვთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გაუქმდა. საელჩოს ცნობოით, ანდრი კასინოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ საელჩოში საგარეო საქმეთა სამინისტროდან დარეკეს და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
მანამდე, კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინზგე განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე.
„მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.