ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დედაქალაქების მერებმა - კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, ხელს შეუწყოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, დაიგეგმოს საერთო ღონისძიებები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ურბანული, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში.
მემორანდუმის ხელმოწერა რომის მერიაში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„მოხარული ვარ რომ ვმასპინძლობ თბილისის ოფიციალურ დელეგაციას კახა კალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეგობრული ურთიერთობებისა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს შორის. დღეიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა. მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობის, რაც საერთოა ჩვენთვის. ვგულისხმობ კულტურას, გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველი და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა რობერტო გუალტიერიმ.
თბილისის მერმა იტალიის დედაქალაქში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომთან. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. ეს იქნება კულტურა, ურბანული მიმართულება, ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში.
მათივე ცნობით, ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.
რომის მერიაში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.