რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება, მოჰყვეს. ეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაა.

ექსპერტთა ჯგუფმა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარმოადგინა.

თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ძირეული გადაწყვეტილებები - მიხეილ სააკაშვილი „მოცილებული უნდა იყოს ამ გარემოს და სხვაგან გადაიყვანონ“.

თენგიზ წულაძის თქმით, თუ პაციენტის წონის კლება ასე გაგრძელდა, „კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს“.

„პაციენტი გავსინჯეთ 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული, შევაფასეთ, როგორც მძიმედ. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებაში, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება დამოუკიდებლად, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს.

შეფასდა მისი კოგნიტური სფეროც და ისიც დაქვეითებულია, აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა შიმშილობის ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია. მაგრამ უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს.

კახექსიის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები და მკურნალობა, მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის კი არ შიმშილობს ან სუიციდური ქცევა კი არ აქვს, არამედ საკვებს ვერ იღებს.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით არ იღებს საკვებს, შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს, მაშინ ამის შესახებ პაციენტის ისტორიაში უნდა იყოს ჩანაწერი, თუმცა ასეთი ჩანაწერი არ გვხვდება.

„ვერ იღებს საკვებს - ამას ჰქვია ანორექსია, გულის არევა და სხვა პრობლემები, თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ არ იღებს საკვებს - წინასწარ განზრახულს ჰქვია შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა ჰქვია თვითმკვლელის ქცევას. მე ვფიქრობ, რომ ვერ იღებს ის საკვებს, ჩემი გასინჯვით არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს.

თუ პაციენტი წინასწარგანზრახვით არ იღებს საკვებს, მას ჰქვია ორი რამ, ან შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, ხოლო შიმშილობა პაციენტის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ერთიც და მეორეც ისტორიაში უნდა ეწეროს, ეს ჩანაწერი ჩვენ ვერ ვნახეთ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.


შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.