საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერადმ, ამერიკელი მოსამართლეები ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას, ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„როგორც მეგობრები, ჩვენ გამოცდილების გაზიარებით ერთმანეთისგან ვსწავლობთ. უკვე 30 წელია, შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებაში ეხმარება. ჩვენი ახალი ძალისხმევა განსაკუთრებულია, ვინაიდან ამერიკელ მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოცდილება ქართველ კოლეგებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაუზიაროს.
დღეს ქართველ მოსამართლეთა ფართო ჯგუფს გავაცანით ამერიკელი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ, საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერად.
მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამები ეფუძნება მოსამართლეობის უნივერსალური პრინციპების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, როგორიცაა საქმის მხარეებთან კომუნიკაცია, სასამართლოს პროცედურების უკეთ ახსნა საზოგადოებისთვის, სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკული განხორციელება და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.