პრემიერი სააკაშვილზე: ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი

ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა. ღარიბასვლმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მე მინდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.