იტალიამ მიმოქცევაში ჩაუშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება

დღეს იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტრო მიმოქცევაში ჩაუშვებს საიუბილეო საფოსტო მარკას, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. 

იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ საფოსტო მარკაზე (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება "B" ტარიფით: 2,40 ევრო) გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი (ნახატი ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება).

„შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა - ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში.

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცდაათი წლისთავი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე აღინიშნება და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც“, - ნათქვამია იტალიის საელჩოს განცახდებაში. 

დეკემბრის ბოლოს საქართველოს ფოსტა გამოუშვებს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკას, რომელზეც კრისტოფორო კასტელის იგივე ნახატი იქნება გამოსახული.

პარალელურად გამოშვებული ორივე საფოსტო მარკის პრეზენტაცია 2022 წლის 27 დეკემბერს თბილისში გაიმართება.