მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო ილუმინაციები აინთება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება.
„ახალი წელი და შობის დღეები არის დღესასწაული, რომელსაც განსაკუთრებით ელოდება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ბავშვები, ყველა თაობის ადამიანი, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ, 9 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ მოცემულობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა, ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე.
ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. ხვალ, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.