მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს.
„მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“, - აცხადებს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.